განაცხადების მოთხოვნა (Request For Applications)

პროექტი “დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება” საქართველო

პროექტის ზოგადი მიმოხილვა

საქართველოში პროექტის „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება (EPIC)“ ფარგლებში მედიაპარტნიორების შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

პროექტი „დამოუკიდებელი კონტენტის წარმოების გაფართოება“ (Expanding Production of Independent Content/ EPIC) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში ძლიერი და დამოუკიდებელი მედიასექტორის მხარდაჭერას  და კონტროლის, მანიპულირების, და იზოლირების მცდელობების მიმართ მედიის რეზისტენტულობის გაძლიერებას. პროექტი მხარს უჭერს ჟურნალისტური მასალების წარმოებას, საერთაშორისო ჯგუფურ ჟურნალისტურ პროექტებს, კონსულტაციებს, და ქსელურ ღონისძიებებს მედიაპარტნიორების მონაწილეობით. პროექტში ჩართული ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი და პოლონეთი.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია მაღალი ხარისხის, სანდო და მნიშვნელოვანი ვიდეო და მულტიმედიური მასალების წარმოება და გავრცელება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით. მედიაპარტნიორები გააშუქებენ საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და დაუპირისპირდებიან დეზინფორმაციას. მნიშვნელოვან საკითხთა ჩამონათვალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: ომი, კონფლიქტები, და უსაფრთხოება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია;  ადამიანის უფლებები; განათლება და დასაქმება; ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და სოციალური კეთილდღეობა; გარემოს დაცვა; ახალგაზრდობის საკითხები; დეზინფორმაციის და ყალბი ამბების გამოვლენა.

მედიამასალებს მოამზადებენ ცენტრალური და ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და კონტენტის ინდივიდუალური მწარმოებლები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

უპირატესობა მიენიჭება საფუძვლიანად მოკვლეულ და კონტექსტუალიზებულ, ფაქტებზე დაფუძნებულ მასალებსა და ადამიანურ ისტორიებს, რომლებშიც ასახულია ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი საკითხების გავლენა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პროდუქტები და მომსახურება

საგრანტო პროექტის ფარგლებში, თითოეულ მედიაპარტნიორს მოეთხოვება მინიმუმ ოთხი ვიდეომასალის (stand-alone video) ან/და მულტიმედიური მასალის შექმნა, ასევე, ამ მასალების სოციალური მედიაპლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, YouTube, TikTok) ადაპტირებული მოკლე ვერსიების მომზადება (თითოეული მასალის მინიმუმ ერთი ვერსია) და გავრცელება.

წარმოებული კონტენტი უნდა იყოს საინტერესო სამიზნე აუდიტორისთვის და  პასუხობდეს სამიზნე აუდიტორიის მიმდინარე საინფორმაციო საჭიროებებს. ჟურნალისტური მასალების სერია (მინიმუმ რვა მასალა) უნდა გაერთიანდეს საერთო თემით ან ერთმანეთთან დაკავშირებული თემებით. საუკეთესო მასალებში გადმოიცემა ადამიანური ისტორიები, რომლებშიც აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემები და გამოწვევები.

მინიმუმ ერთი გრანტი გადაეცემა მედიასაშუალებას, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებს გააშუქებს. 

პრიორიტეტული ფორმატებია:

  • ვიდეო
  • მულტიმედია, რომელშიც ინფორმაცია წარმოადგენილია  ტექსტური, ვიდეო ან/და ფოტო ან/და ინფოგრაფიკული ან/და ინტერაქტიული თხრობის ხერხებით.

მედიაპარტნიორები წარმოებულ მასალას ტრადიციული ან/და ვებმედია არხების მეშვეობით გაავრცელებენ, დამატებით, სოციალური მედიაში გაავრცელებენ მასალების მოკლე, ადაპტირებულ ვარიანტებს (მაგ. მოკლე ვიდეო). მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდება აუდიტორიასთან ინტერაქცია სოციალური მედიით ან/და, სურვილისამებრ, ღონისძიებების მოწყობის გზით.

 დამატებითი ინფორმაცია თემებისა და ფორმატების შესახებ მოცემულია ვრცელ „განაცხადის მოთხოვნაში“

ბიუჯეტი

შერჩეული მედიაპარტნიორები მიიღებენ 8000 აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტებ ოთხი ძირითადი მასალისა და სოციალური მედიისთვის ადაპტირებული ოთხი დამატებითი ვერსიის შესაქმნელად (სულ რვა მასალა). გრანტი დაფარავს ჟურნალისტური მასალების წარმოების ხარჯებს, ხელფასებს, აღჭურვილობას, მასალების გავრცელების და აუდიტორიასთან ინტერაქციის ხარჯებს, და სხვა აუცილებელ ხარჯებს.

მასალების წარმოების გეგმა

მედიაპარტნიორებმა უნდა მოამზადონ და გამოაქვეყნონ თვეში მინიმუმ ერთი ძირითადი მასალა და ერთი ადაპტირებული ვერსია. მასალების გამოქვეყნება იგეგმება 2023 წლის ივლისიდან. მედიაპარტნიორი და დამფინანსებელი მასალების წარმოების დეტალურ გეგმას შეათანხმებენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა დასახელების შემდეგ.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა ექვსიდან რვა თვემდე.

შერჩეული მედიაპარტნიორების პასუხისმგებლობა

  • შერჩეულმა მედიაპარტნიორებმა უნდა აწარმოონ ვიდეო და მულტიმედიური მასალები დამფინანსებელთან შეთანხმებული კონტენტგეგმის და ვადების შესაბამისად;
  • დამფინანსებელს უფლება აქვს თარგმნოს და გაავრცელოს წარმოებული ვიდეო და მულტიმედიური მასალები რეგიონის სხვა ქვეყნებში;
  • შერჩეული მედიაპარტნიორები მომზადებულ მასალებს ტრადიციული ან/და ვებმედია და სოციალური მედიის არხებით გაავრცელებენ. მედიამასალების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მედიაპარტნიორები განახორციელებენ აუდიტორიასთან ინტერაქციას სოციალურ მედიაში ან/და, სურვილისამებრ, აუდიტორიასთან შეხვედრების და ღონისძიებების მოწყობის გზით.

შერჩეული მედიაპარტნიორების მხარდაჭერა

  • მედიაპარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ საკონსულტაციო და მენტორული მხარდაჭერა, მათ შორის მასალების წარმოების სარედაქციო ასპექტებზე, მასალების გავრცელების სტრატეგიაზე, მასალების პოპულარიზაციასა და სხვა რელევანტურ საკითხებზე;
  • შერჩეულ მედიაპარტნიორებს შეუძლიათ ითხოვონ დამატებითი ფონდები პროექტის შედეგის/გავლენის გასაძლიერებლად ან/და მონაწილეობა მიიღონ ახალ საგრანტო კონკურსებში ან/და პროფესიული ქსელის ღონისძიებებში.

კონკურსის მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ცენტრალური ან ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია ან კონტენტის ინდივიდუალური მწარმოებელი (იურიდიულად რეგისტრირებული სუბიექტი, მაგ. ინდივიდუალური მეწარმე), რომელიც რეგულარულად აწარმოებს მედიამასალებს საერთოეროვნული ან/და ადგილობრივი აუდიტორიისთვის;
  • მედიაბაზარზე არსებობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • დადგენილ ვადებსა და პირობებში მუშაობის გამოცდილება და უნარები;
  • აქტიური ონლაინ მედია არხები, კერძოდ, ვებგვერდები ან/და სოციალურ მედიის გვერდები;
  • დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ან/და პროფესიული სტანდარტებისა და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის გამოცდილება.
  • (დამფინანსებლისაგან წარსული ქვეგრანტების მიმღებების შემთხვევაში), დამფინანსებლისგან მიღებული ქვეგრანტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო და ანგარიშგება დადებითად არის შეფასებული.

განაცხადის მოთხოვნები

  • ზოგადი ინფორმაცია კონკურსის მონაწილის შესახებ, თანდართული მნიშვნელოვანი ვიდეო ან/და მულტიმედიურ მასალებით (მინიმუმ ორი მასალის ბმული);
  • მედიამასალების ციკლის კონცეფცი, რომელიც მოიცავს არანაკლებ ორი მასალის  კონცეფციას, ფორმატის და მულტიმედიური ელემენტების დეტალური აღწერით;
  • მედიამასალების ციკლის წარმოების ბიუჯეტი, სახელფასო ხარჯების ჩათვლით.

განაცხადის და ბიუჯეტის ფორმები გამოქვეყნებულია „განაცხადის მოთხოვნასთან“ ერთად.

შეფასების კრიტერიუმები

განაცხადები შეფასდება ორი ტიპის ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ტექნიკური წინადადების შეფასება, მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • ფინანსური წინადადების (ბიუჯეტის) შეფასება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8000 აშშ დოლარს რვა (8) მასალის დასამზადებლად.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულებს შემდეგი შეფასების სისტემით შეარჩევს:

  1. ტექნიკური წინადადების შეფასება (მედიამასალების ციკლის კონცეფცია და მედიამასალების გამოქვეყნების, გავრცელების აქტივობები) — მაქსიმუმ 15 ქულა;
  2. ფინანსური წინადადების (ბიუჯეტის) შეფასება — მაქსიმუმ 5 ქულა.

ტექნიკური წინადადების შეფასების კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, პროფესიონალიზმი და გავლენა: რამდენად იცავს განმცხადებელი ეთიკურ სარედაქციო პოლიტიკას და ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკური ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, და ქმნის მნიშვნელოვან მედიამასალებს; საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის, განმცხადებლის იურიდიული რეგისტრაცია (ორგანიზაცია ან ინდივიდუალური მეწარმე), მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მედიაბაზარზე; ტრადიციული ან/და ონლაინ მედია არხები  რეგულარულად განახლებადი მედიამასალებით – მაქსიმუმ 5 ქულა
  • მედიამასალების გავლენა და რელევანტურობა: მასალების/ ციკლის კონცეფციის ხარისხი და სიცხადე, მათ შორის პროექტის თემატურ მოთხოვნებთან შესაბამისობა; მნიშვნელობა და რელევანტურობა სამიზნე აუდიტორიისათვის/ებისათვის (თემა, ფორმატი, არხი, თხრობის ხერხები)  —მაქსიმუმ 5 ქულა.
  • განმცხადებლის უნარი უზრუნველყოს ხარისხის სასურველი დონე: რამდენად ნათლად არის წარმოდგენილი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი ნაბიჯები/აქტივობები (საკმარისი ადამიანური და მატერიალური რესურსის მობილიზება, მედიამასალების დაგეგმვა, წარმოება და პრომოცია, სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქცია, სხვა საჭირო აქტივობები) – მაქსიმუმ 5 ქულა

ფინანსური წინადადების (ბიუჯეტის) შეფასების კრიტერიუმები:

  • ბიუჯეტის პროექტთან შესაბამისობა და ხარჯების მიზანშეწონილობა  – მაქსიმუმ 5 ქულა.  

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და კონტენტის მწარმოებლებმა შევსებული განაცხადი და ბიუჯეტი უნდა გადაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა – 13 ივნისი, 2023.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიამ მენაბდეს, პროექტის  კოორდინატორს: ტელ. +995 550 500 593; ელ.ფოსტა [email protected]